ახალგაზრდების მოპოვებული სტატუსი

სულ ნახვები : 5,040
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ დაამტკიცა, რომ სტატუსი ქართველმა ხალხმა მოუპოვა ქვეყანას და არა ხელისუფლებამ.

ყველაზე მეტი დამსახურება კი ამ ყველაფერში 7-8 არტის აქციებს აქვს.

CNews - მა მარტის აქციების ავანგარდში მყოფი ერთ-ერთი სტუდენტი, სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელი, ნიკო მანაგაძე ჩაწერა. 

პირველ რიგში - რომ გვითხრა როგორ აღიქმება 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია?

მარტივად რომ ვთქვათ: საჩუქარი ხალხს, ცივი შხაპი ხელისუფლებას. 8 ნოემბერი თავისი შინაარსით ნამდვილად ისტორიულია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იყო ქართული პროდასავლური საზოგადოების დიდი გამარჯვება და ხელისუფლების რუსული პოლიტიკის, რუსეთის და მისი დამქაშების მარცხის გაფორმება საქართველოში. ცხადია, ეს არ არის საბოლოო ნაბიჯი, და უფრო მეტიც, კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში ველოდებით, მაგრამ ეს იყო გზავნილი ევროპიდან, რომ ისინი არასდროს დატოვებენ ქართველ ხალხს მარტო და რომ უყურებენ და აფასებენ მათ თავგანწირულ ბრძოლას ხელისუფლების მხრიდან წარმოებული რუსეთიზაციისა და დეევროპიზაციის პოლიტიკის წინააღმდეგ. გარდა იმისა, რომ ევროპამ გეოპოლიტიკური ხედვითა და პოტენციური რისკების შეფასებით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, მათ ასევე პირველ რიგში დააფასეს ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მკაფიო სწრაფვა და ფიზიკური ბრძოლა ევროპული მომავლის დასაცავად. ეს არის განაჩენი იმ ძალის მიმართ, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში პერმანენტულად ცდილობდა, სიტყვით თუ საქმით, ხელი შეეშალა და საბოტაჟირება მოეხდინა საქართველოს დასავლური მისწრაფების, მისი ისტორიული არჩევანის. ეს არის ჩვენი წინაპრების ოცნების ასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი, საქართველო იყოს თავისუფალი, დემოკრატიული და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.

დასავლეთში ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ეს მონაპოვარი პირველ რიგში, ქართველი ხალხის, ასევე სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის და პრეზიდენტის ძალისხმევის დამსახურებაა, ამ ფონზე არავინ ახსენებს ხელისუფლებას, გარდა იმ კონტექსტისა, როცა პროცესის დაზიანებასა და გაუგებარი ქმედებების წარმოებაზეა საუბარი. ზოგი დიპლომატიურად აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მეტი უნდა იმუშაოს რეფორმების გატარებასა და ქვეყნის დემოკრატიზაციის დაჩქარებაზე, ზოგი კი პირდაპირ ხაზს უსვამს მათ უარყოფით როლს და ზეგავლენას პროცესზე, ანტიევროპულ ქცევას, რიტორიკას და რუსეთთან გარკვეული სახის კოლაბორაციას, რაც შეუთავსებელია ევროინტეგრაციის სურვილთან.

ზოგადად, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინას და მოლდოვას ჩამოვრჩით (მაშინ, როცა ერთ დროს ამ ტრიოში ლიდერი ვიყავით), რა თქმა უნდა, ამ რეჟიმზეა. დღეს ისინი გაწევრიანებაზე იწყებენ მოლაპარაკებებს, ჩვენ კი კანდიდატის სტატუსი ძლივს მოვიპოვეთ გარკვეული ფაქტორების არსებობის წყალობით. რეალურად, ჩვენი 8 ნოემბერი გასული წლის ივნისში უნდა დამდგარიყო. ეს წელიწადნახევრიანი ფაქტობრივი ჩამორჩენა აისახება იმაში, რომ საბოლოოდ ერთი ნაბიჯით უკან ვართ უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, და კიდევ უფრო უკან პერსპექტივის თვალსაზრისით, რომელიც ამ ხელისუფლების ძალაუფლებაში დარჩენის შედეგად გვემუქრება. ფაქტია, რომ საქართველო ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი “ოცნების” მმართველობის პირობებში და პირიქით, კიდევ უფრო დაშორდება მას, მაგრამ ქართველი ხალხისთვის ავანსად მოცემული (როგორც ღარიბაშვილს უყვარს თქმა) სტატუსი მაინც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება მომავალი კოალიციური მთავრობისთვის იმ შემთხვევაში, თუკი მომდევნო არჩევნებზე ხელისუფლება. კოალიციური მთავრობისთვის იმ შემთხვევაში, თუკი მომდევნო არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვლება.

 როგორი განცდაა როდესაც იცი, რომ 7-8 მარტის აქციებმა გადამწყვეტი, როლი შეასრულეს ამ გადაწყვეტილების მიღებაში და შენ ერთ-ერთი ხარ, ვინც ამ პროტესტის ავანგარდში იყო?

კი, ეს ნამდვილად არის იმ ახალგაზრდობის გამარჯვება, რომელიც საქართველოს რუსეთიზაციის წინააღმდეგ და ევროპული მომავლის დასაცავად მარტის დღეებში ქუჩაში იდგა და ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა რეჟიმის სადამსჯელო რაზმებს. მათ შორის, ჩემი წვლილიც არის ამაში, რითაც ბუნებრივია ვამაყობ. მაგრამ ეს დაიწყო ცოტათი უფრო ადრე, ჯერ კიდევ 2022 წლის 20 ივნისს, როცა “შინ ევროპისკენ” ლოზუნგის მქონე აქციაზე პირველად შევძელი ახალგაზრდების, სტუდენტების ორგანიზებული ფორმით და მსხვილი მასშტაბით ქუჩაში გამოსვლა, მათი გაერთიანება. ყველაფერი ალბათ აქედან დაიწყო. ამ თაობის წარმომადგენლებში ნელ-ნელა დაიმსხვრა დამოკიდებულება, რომ ამ ქვეყნის მომავლის ფორმირების საქმე სხვას ეხება, წინა თაობებმა უნდა აკეთონ და ჩვენ თუ რაიმე არ მოგვეწონება, უბრალოდ აქედან უნდა გავიქცეთ. მაშინ დაიწყო ბრძოლა ხელისუფლების რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ, რისი ყველაზე მკაფიო ფიზიკური დემონსტრირებაც სწორედ მარტის დღეებში მოხდა. ამ დღეების განმავლობაში ბევრი აღნიშნავს, რომ გარდამტეხი ფაქტორი 8 ნოემბრის გადაწყვეტილებაში სწორედ მარტის აქციებზე ხალხის მიერ ნაჩვენები ბრძოლა იყო, რის ავანგარდშიც ახალგაზრდები, სტუდენტების თაობა იდგა. ზოგადად ის, რომ ხელისუფლება მიხვდა, კანდიდატის სტატუსის არ მიღების შემთხვევაში რა ტიპის საფრთხეც დაემუქრებოდათ და რომ ამ ეტაპზე გარკვეული ფორმით პოლიტიკის სიტუაციური შემობრუნება სჯობდა სტატუსის მისაღებად, ესეც ამ ახალგაზრდების დამსახურებაა. უბრალოდ პრობლემა იმაშია, რომ ისინი ამ სტატუსის სარგებელს მხოლოდ პროდასავლურად განწყობილი ხალხის “დაშოშმინებაში” და პროტესტის ტალღის ჩაცხრობაში ხედავენ, სხვა მხრივ კი ისევ იმავე რუსეთიზაციის/დეევროპიზაციის პოლიტიკის წარმოების გაგრძელებას აპირებენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს სტატუსი მხოლოდ სიტუაციურ მექანიზმად დარჩეს და საქართველოს ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა ვერასდროს მოხდეს. მაგრამ ეს თაობა ასევე არის იმის გარანტი, რომ ამგვარი ადამიანების ძალაუფლებაში ყოფნის პერსპექტივას საფრთხე ემუქრება და მათი სიმშვიდე დარღვევას ექვემდებარება.

 წინ ოთხი ახალი დათქმა გვაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს, რათა დეკემბერში მოხდეს 8 ნოემბრის რეკომენდაციის გაფორმება - რა როლი ეკისრება მოქალაქეებს ამაში?

მოქალაქეების მხრიდან წნეხი ხელისუფლებაზე არ შეიძლება შემსუბუქდეს. ეს ერთი თვეც იქნება  ამ მხრივ გამოწვევებით სავსე. არავინ იცის, რა შეიძლება მოიმოქმედოს ხელისუფლებამ, ამიტომ საჭიროა საზოგადოების მუდმივი სიფხიზლე იმისთვის, რომ ბოლომდე გავაფორმოთ დეკემბერში 8 ნოემბრის გადაწყვეტილება. ხელისუფლება არაერთხელაა შემჩნეული, რომ განზრახ საბოტაჟირებენ პროცესს და არც ახლა გვაქვს ბოლომდე სიმშვიდის საფუძველი. რეკომენდაციების შესრულების იმედი, რა თქმა უნდა, არ მაქვს. უბრალოდ, უნდა ვეცადოთ, რომ მინიმუმ სტატუს-კვო შევინარჩუნოთ და არ მივცეთ საშუალება არავის, რომ ეს გამარჯვება ხელიდან გამოგვტაცოს. დათქმების განხორციელების იძულების ბერკეტები მოქალაქეებს ნაკლებად გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია, სულ მცირე, მათი მავნებლობების აღკვეთა, რაც მარტში ერთხელ უკვე გავაკეთეთ. ასევე, სულ ცოტა ხნის წინ, იგივე გააკეთა ოპოზიციამაც პარლამენტში, როცა “ოცნებას” საშუალება მოუსპო, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი ბოლომდე მიეყვანათ და ამ ანტიევროპულ ქცევას გასაქანი არ მისცეს.

რა ვალდებულება აქვს ხელისუფლებას და რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ისინი დავალებას შეასრულებენ, თუ 12 რეკომენდაციას გავიხსენებთ და ასევე ვიხელმძღვანელებთ შალვა პაპუაშვილის განცხადებით: ამ გადაწყვეტილებით ევროკომისიამ თქვა, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი საკმარისია, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს?

ევროინტეგრაციის გზაზე ამაზე უფრო მეტი განვითარების საშუალებას (ვიდრე კანდიდატის სტატუსის მიღებაა) ვერც “ოცნება” ხედავს და ვერც მოსახლეობა მათ პირობებში. შესაბამისად, მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება აღარაფერს გააკეთებს ამ გზაზე, იმ დოზითაც კი, როგორც აქამდე აკეთებდნენ ამ 12 პუნქტთან მიმართებაში. ისინი ფიქრობენ, რომ მათი მისია ამ გზაზე უკვე ამოიწურა (ან დეკემბერში იწურება) და შემდეგ ისევ დაუბრუნდებიან იმ აბსოლუტურად აღვირახსნილ და თავაშვებულ პოლიტიკას, რაც დასავლეთისთვის აღშფოთების საგნად არაერთხელ იქცა და მომავალში ამის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი მიეცემათ, დარწმუნებული ვარ. ისინი აბსოლუტურად უტიფრად იმასაც კი იმეორებენ, რომ 12-ვე პუნქტი შეასრულეს, როცა ევროკომისია და სხვა ევროპული ინსტიტუტები, მათი წარმომადგენლები, მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ 12-დან მხოლოდ სამი პუნქტი იყო სრულად შესრულებული.

ახალი დათქმებიც კი პირდაპირ ფაქტობრივად ხელისუფლების ქმედებების პასუხი იყო. მათ ჩამონათვალში დაამატეს კომუნიკაციების კომისიისა და ეროვნული ბანკის გაჯანსაღების, მათი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მოთხოვნა, რაც პირდაპირ უკავშირდება ბოლო ფაქტებს: კომუნიკაციის კომისიის ქცევას მედიასთან მიმართებაში და ეროვნული ბანკის სკანდალს ფარცხალაძის თემაზე. ხელისუფლების ანტიდასავლური კამპანიის ფონზე არც იმ დათქმის გაჩენაა შემთხვევითი, რომელიც ევროპის მიმართ დეზინფორმაციის აღმოფხვრისკენ ნაბიჯების გადადგმას შეეხება. “დასავლეთი ომში გვითრევს”, “ევროპა გარყვნილებას გვახვევს”, “დასავლეთი ომში გვითრევს”, “ევროპა გარყვნილებას გვახვევს”, “ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფას ცდილობენ” და ა.შ.. - ამ პროპაგანდის ავტორები ყველასთვის ცნობილია.  ასევე ჩანაწერი სამოქალაქო აქტივისტების მიმართ სამართალდარღვევის ფაქტების დროულ გამოძიებასა თუ აღკვეთასთან დაკავშირებით და ძალადობრივი პრორუსული დაჯგუფებების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობის შესახებ და რაც მთავარია, დათქმა, რომელიც ეხება მომდევნო არჩევნებს და მის წინარე პერიოდს, არ არის შემთხვევითი და ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებებისთვის. ეს პუნქტი ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვნად უყურებს დასავლეთი 2024 წლის არჩევნებს და მის შედეგებს, რომელიც ქვეყნის მომავალს, მათ შორის, უპირველესად, საგარეო ორიენტაციას განსაზღვრავს. ეს არის მინიშნებაც ხელისუფლებისადმი, რომ ისინი აღარ გაუტარებენ საარჩევნო მანიპულაციებს და არჩევნების არათავისუფალ და არასამართლიან გარემოში ჩატარებას, იმ ფაქტებს, რომლებიც არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას ახდენს.

ბუნებრივია, რომ ამგვარი პირობების შესრულება რთულად წარმოსადგენია იმ პირობებში, როცა ხელისუფლებაში გყავს ადამიანები, რომლებიც ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ყველაფერზე არიან წამსვლელი და არაფრის დიდებით არ დათმობენ მას, შესაბამისად, წარმოუდგენელია შეასრულონ იმგვარი პირობები, რომლებიც დემოკრატიის განმტკიცებისა და საკუთარი ავტოკრატიული ძალაუფლების შერყევისკენაა მიმართული.

პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში…

ბოლო მოვლენებმა პოლიტიკური ცხოვრება ოდნავ გამოაცოცხლა, უფრო დინამიკური გახადა და ბევრ ადამიანს ოპტიმიზმის საშუალება მისცა მუდმივი დეპრესიისა და ნიჰილიზმის პირობებში. ადამიანებმა თავი გამარჯვებულად იგრძნეს, მათ შორის, პრეზიდენტის მიერ ორბელიანის სასახლის წინ გამართულ ღონისძიებაზე ოპოზიციის წარმომადგენლების ერთად დგომაც კიდევ უფრო დიდი ეფექტის მატარებელი იყო ამ მხრივ. თუმცა ოპოზიცია ისევ ვერ ქმნის საკუთარ დღის წესრიგს და მთლიანად ხელისუფლების ქმედებების შემფასებლის როლში რჩება. მომდევნო გადამწყვეტი არჩევნების წინ ალბათ უფრო მეტი მოძრაობაა საჭირო, პოლიტიკური გადალაგებები და მკაფიო კონტურების შექმნა ამომრჩევლისთვის, რა კონფიგურაციით შეიძლება წარსდგეს პოლიტიკური სპექტრი არჩევნებზე. მათ ასევე უჭირთ დააინტერესონ ახალგაზრდები მათი ხედვებითა თუ ქმედებებით და მოიპოვონ მათი სიმპათია, მხარდაჭერა, თუნდაც სიტუაციურად, მიუხედავად იმისა, რომ ამ თაობამ საკუთარი როლი უკვე შეამჩნია პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც აუცილებლად არჩევნებზე აქტიურობაში უნდა გადაიზარდოს, რისი მიღწევაც მთლიანად ოპოზიციურ პარტიებზეა დამოკიდებული. კარგია, როცა ახალგაზრდები ხშირად თავად აკეთებენ პოლიტიკაში გასაკეთებელს და ამაში პარტიები ხელს არ უშლიან, მაგრამ თუკი ეს სუბიექტები საერთოდ გვერდით გაიწევიან და მაყურებლის თუ გარკვეულ პროცესში თანამონაწილის როლში დარჩებიან, საკუთარ იდენტობას და დღის წესრიგს არ შექმნიან, რაღაც “საფირმო” საკითხზე არ იმუშავებენ და კონცენტრირდებიან, ძალიან გაუჭირდებათ არჩევნებზე ახალგაზრდების და ახალი ელექტორატის მიზიდვა, რის გამოც, შესაძლოა ისეთი ადამიანების ხმებიც კი დაიკარგოს, რომლებიც ცალსახად უჭერენ მხარს ქვეყანაში ცვლილებებს.

შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში შევიდა ცვლილებები, რომლებითაც ხელისუფლებამ სამართალდამცავ უწყებებს, დამატებითი ბერკეტები მისცა, პროტესტის მქონე ადამიანების წინააღმდეგ (ე.წ. კარვების კანონი) - რამდენად არის ახალი თაობა მზად, კიდევ ერთი დაბრკოლების გადასალახად?

ვერანაირი კანონი ვერ იქნება გენერალური წინაღობის შემქმნელი ამ თაობისთვის, თუკი გადაწყდა, რომ რაღაც გასაპროტესტებელია, რაღაც მისაღწევი და გასაკეთებელია. ჩვენ არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ ვერაფერი დაგვახევინებს უკან კონსოლიდაციის პირობებში, არათუ პუტინის სტილის კანონები. ეს მხოლოდ ხელისუფლების თავზარდამცემ შიშზე მეტყველებს, რომ ისინი მოელიან რაღაც იმავეს, ან უფრო მეტს, რაც უკვე მარტში ნახეს. ამგვარი მოლოდინი ჰქონდათ ამ პერიოდისთვის, თუკი ევროპიდან კანდიდატის სტატუსზე უარი იქნებოდა. ახლა ამ კანონზე დადებული ვეტოს დაძლევასაც აღარ ჩქარობენ, ეს საჯაროდაც თქვეს, საფრთხემ მოიკლოო. ისინი თავიანთ შიშებზე რეაგირებენ და მშიშარა ხელისუფლების აგონიური კანონები ვერ გახდება სხვისთვის შიშის თუ უკან დახევის მიზეზი.

რამდენად ართმევს ოპოზიცია თავს, საკუთარ ფუნქცია-მოვალეობებს?

შეიძლება ითქვას, რომ ისინი არ არიან სტაბილური. ვერ ვხედავ პერმანენტულ, მიზანმიმართულ და სწორხაზოვან მუშაობას რაიმე მიმართულებით. როგორც უკვე აღვნიშნე, ისინი მხოლოდ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ქმედებებზე თუ განვითარებულ მოვლენებზე რეაგირების რეჟიმში არიან. ეს რეაგირებაც საჭიროა, მაგრამ არ შეიძლება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რუტინას მიყვებოდეს და საკუთარს არ ქმნიდეს. მათ კარგად იმუშავეს მარტში პარლამენტის შიგნით. კარგად მუშაობენ, როცა საქმე ფუნდამენტურ საკითხს ეხება და სიტუაციურად ერთიანდებიან, მაგრამ ჩვეულებრივ რეჟიმში, ცალ-ცალკე, აბსოლუტურად გაუგებარ სუბიექტებად გადაიქცევიან ხოლმე. იმედია, იპოვიან საკუთარ ინდივიდუალურ როლს და ადგილს, საიდანაც უკეთ გამოუვათ საქმის კეთება, რომელიც მიზანს ადეკვატურად მოემსახურება.

პრეზიდენტის როლი, 8 ნოემბრის რეკომენდაციაში

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში მყოფი ბევრი ადამიანისთვის სასურველი მკაფიო და ხისტი ნაბიჯები არ გადადგა გარკვეული მიმართულებით ამ წუთამდე, ვფიქრობ, პრეზიდენტმა მაინც დაამტკიცა თავისი გულწრფელობა და ბრძოლისუნარიანობა. ამას ხედავს დასავლეთიც და ხედავს “ოცნებაც”, რისი გამოძახილიც იყო ის უშედეგო იმპიჩმენტი, რომლითაც თავი მხოლოდ თავად კობახიძის პარტიამ დაიზიანა. პუტინის უკრაინაში შეჭრის დღიდან ზურაბიშვილის განცხადებები და ქმედებები ძალიან მკაფიო გახდა, რამაც იმთავითვე დაიმსახურა საზოგადოებისა და დასავლელი პოლიტიკოსების აღფრთოვანება და დაფასება, მით უმეტეს, იმ ფონზე, რასაც იმ დღიდან მოყოლებული, ხელისუფლება აკეთებდა. ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგაც ევროპაში ბევრმა აღნიშნა, რომ ქართველ ხალხთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან ერთად, ეს შედეგი პრეზიდენტის ქმედებების დამსახურებაც იყო. იმპიჩმენტიც სწორედ იმისთვის გამოუცხადეს, რომ კანდიდატის სტატუსის საკითხზე მხარდაჭერის მოსაპოვებლად დადიოდა ევროპელ ლიდერებთან. ეს იყო სრულიად გაუგონარი, მაგრამ “ოცნებისთვის” დამახასიათებელი აგონიური მდგომარეობისთვის სრულიად შესაბამისი ქცევა. მისი ქმედებებიც და გამოსვლებიც ძალიან ადეკვატური და ბოლომდე რეალობის ამრეკლავი გახდა. სათქმელს ამბობს ძალიან პირდაპირ და სწორხაზოვნად, ყოველგვარი მორიდების გარეშე. ის იყო ერთადერთი ხელისუფლებიდან, რომელიც ასრულებდა ევრორეკომენდაციას და თანამშრომლობდა ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, სამოქალაქო სექტორთან.. არა მოვალეობის მოხდის მიზნით, არამედ რეალური მოტივაციით. რომ არა პრეზიდენტის დამოუკიდებლობა და მისი ამგვარი ქცევა, მისი სახით ქვეყანაში ერთადერთი პროდასავლური სახელმწიფო ლიდერის არსებობა, რთული წარმოსადგენი იქნებოდა 8 ნოემბრის გადაწყვეტილება ყოფილიყო ისეთი, როგორიც იყო. ძალიან კარგი გამოდგა ამ დღის ბოლოს ათონელზე ჩატარებული ღონისძიებაც, რომელიც კიდევ ერთხელ იყო ერთიანობის აქტი იქ შეკრებილი ეკლექტური საზოგადოების ფონზე, გარკვეული დეპოლარიზაციისაც პროდასავლურ ჯგუფებს შორის - ის, რასაც ევროპა ჩვენგან ითხოვს. პრეზიდენტმა შეძლო ამ როლის მორგება და მისი მინიშნებაც ბოლო დღეებში, რომ არჩევნებზე მობილიზაცია უნდა მოხდეს დემოკრატიული ცვლილებებისა და კოალიციური მმართველობის უზრუნველყოფისთვის, არის ევროპისკენ არა ფასადურის, არამედ რეალური სწრაფვის გამოხატულება.

რეკომენდაციის გაცემის შემდგომ, ჩვენ მოვისმინეთ არაერთი განცხადება სახელისუფლებო პირების მიერ გაკეთებული, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი პირველ განცხადებებში ხაზგასმით ამბობდნენ, რომ ეს გამარჯვება ქართველი ხალხის დამსახურებაა, რაც სრულიად განსხვავებული იყო, 8 ნოემბრამდე გაკეთებული შეფასებებისგან - რამ განაპირობა მათი პოზიციის მკვეთრი ცვლილება?

ერთი მხრივ, რთულია შეეწინააღმდეგო დასავლეთიდან, მათ შორის, ევროპელი ლიდერებისგან ყოველ ჯერზე წამოსულ დემონსტრაციულ გზავნილებს, რომ ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის დამსახურებაა. ამის უარყოფა შიგნითაც ცუდად გამოჩნდებოდა და ამჯობინეს, თავადაც აეყოლებინათ ხმა ამ სიტყვებისთვის. მაგრამ მეორე მხრივ, დამაფიქრებელია ის, რომ მათ სახეებზე საერთოდ არ იკითხებოდა სიხარულის განცდა. უფრო მეტიც, არ ჩანდა დიდი მონდომება იმისა, რომ ეს საკუთარ წარმატებად და დამსახურებად მიეწერათ, რისი მოლოდინიც ყველას ჰქონდა.  ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს, რაღაცას უფრთხოდნენ, რაც არ აძლევდათ თავდაჯერებით და მოტივაციით თავის ქების საშუალებას ამ კონტექსტში. არც ემონსტრაციულად აღნიშნეს ეს ამბავი. ერთია, რომ მათი მიზანი საერთოდ არაა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, მაგრამ მეორეა, რომ კონტექსტურად აწყობდათ ამის გაყიდვა, საკუთარ დამსახურებაზე აპელირება. ხომ არ არის ამ ყველაფრის მიზეზი რუსეთი, რომელსაც, როგორც მინიმუმ, სერიოზულ ანგარიშს უწევენ და მათ დასანახად საუბრობენ/მოქმედებენ ხშირად? ხომ არ ფიქრობენ, რომ თუკი დემონსტრაციულად და დაჟინებით საკუთარ როლზე გაამახვილებენ ყურადღებას და მთლიანად თავიანთ თავს მიაწერენ ამ ამბავს, ეს რუსეთში გაღიზიანებას გამოიწვევს? ან იქნებ მანამდე მიიღეს რაიმე სიგნალები? უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებამ მოულოდნელი ქცევა გამოაჩინა. კითხვები ბევრია და ლოგიკური, მაგრამ ალბათ ამ ეტაპზე ზუსტი პასუხის გაცემა რთული იქნება.

რამდენიმე ხნის წინ იმყოფებოდით საოკუპაციო ხაზთან - რა მდგომარეობაა იქ, როგორია ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან?

ერთი მხრივ, ძალიან სასიამოვნო იყო ეს ვიზიტი, რამდენადაც, უამრავი ასაკოვანი ადამიანი გავახარეთ და ჩვენც დადებითი ემოციებით დავიმუხტეთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან მძიმე აღმოჩნდა იმ რეალობის ადგილზე საკუთარი თვალით ნახვა, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება - სრული დაუცველობა, მუდმივი შიში და უყურადღებობა. ისინი მოკლებული არიან მნიშვნელოვან საჭიროებებს და პრივილეგიებს. უმძიმესია იმის ნახვა, რამდენად მიტოვებული ჰყავს ეს ადამიანები სახელმწიფოს ბედის ანაბარად და ველური ოკუპანტის პირისპირ. ჩვენი მხრიდან ელემენტარული პროდუქტების ჩატანა და ყურადღებაც კი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. აქედან, თბილისიდან, რთულია იმ რეალობის აღქმა, რაც საოკუპაციო ზონაშია და რომელშიც ადამიანებს უხდებათ ცხოვრება. დუმილი, რომელიც ყველაზე უფრო საშიშია - ასეთია იქაური მდგომარეობა. მაგრამ საყოველთაო შიშის ზონაში ცხოვრობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც უშიშრობას დემონსტრირებენ და უკან არაფრით იხევენ. ასეთია დათა პაპას მეუღლე, ვალია ბებო, რომელიც გარდაცვლილი ქმრის დანაბარებს ასრულებს და ოკუპანტებს არ უტოვებს თავის კერას, მშობლიურ მიწას და კარმიდამოს, არ ტოვებს იქაურობას და ამის გამო უმძიმეს პირობებში უხდება ცხოვრება. წარმოუდგენელია იმის მოსმენა, რამდენად არ აინტერესებს სახელმწიფოს მისი მდგომარეობა, საჭიროებები და გამოწვევები. პროდუქტებიც კი მხოლოდ რიგით ადამიანებს ჩააქვთ, რადგან მას გადაადგილების საშუალება შეზღუდული აქვს.

სუს-მა მნიშვნელოვანი დაბრკოლებები შეგვიქმნა სოფელში შესასვლელად. საშვი მხოლოდ რამდენიმე ადამიანზე გასცეს. ჩვენთან ერთად არ შემოუშვეს დავით ქაცარავა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები. რეალურად, იმ რიგით პოლიციელებთან არაფერი მაქვს სასაყვედურო, პირიქით, მათაც ცხადად შეამჩნევთ, რომ უჭირთ შეგუება ამ ყველაფერთან და აღიზიანებთ ხელისუფლების პოლიტიკა ოკუპანტთან.

უსაფრთხოების სისტემა ადგილზე აბსოლუტურად მოშლილია. პოლიციის ბლოკ-პოსტები მხოლოდ ავტობანთან, სოფლის გადასახვევთანაა ჩადგმული, რომ ადამიანებმა თავისუფლად ვერ შეძლონ სოფლის მიმართულებით გადაადგილება, სოფელში შესვლა. ადგილზე კი მოსახლეობა აბსოლუტურად დაუცველია და მარტოა მიტოვებული ოკუპანტთან. რაიმე რომ მოხდეს, მინიმუმ 10-15 წუთი დასჭირდება პოლიციას უშუალოდ საოკუპაციო ხაზთან მისასვლელად. ეს არ არის ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკა. გაუგებარია საერთოდ, რას და რატომ აკეთებს ამ მხრივ ხელისუფლება.

ვინაიდან ოკუპაციის თემას შევეხეთ, თამაზ გინტურის მკვლელობაზეც მინდა გკითხოთ. ხელისუფლება ცდილობს საკითხი წარმოაჩინოს ისე, თითქოს მომხდარში გარკვეული დანაშაული გინტურს და მის თანმხლებ პირებს მიუძღვით - რა დგას ამ განცხადებების მიღმა?

იმ დღესაც ვთქვი - ეს არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანის, თამაზ გინტურის მიმართ გასროლილი ტყვია. რეალურად, ეს იყო ქართული სახელმწიფოს და თითოეული ჩვენგანის მიმართ ნასროლი ტყვია, რასთან შეგუებაც მხოლოდ მომდევნო ამგვარ ფაქტებს წაახალისებს. ეს არის სამწუხაროდ “საოცნებო” მშვიდობა, რომელზეც ხელისუფლება მუდმივად გველაპარაკება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათი კოლაბორანტური პოლიტიკა რუსეთთან არათუ უბრალოდ არაპროდუქტიულია, არამედ პირიქით, უკუშედეგის მატარებელია. რუსეთი მუდმივი საერთაშორისო წნეხის ქვეშ უნდა იყოს იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენთან მიმართებაში ახორციელებს. არც იმ ვერსიას გამოვრიცხავ, რომ მკვლელებს რეალურად სცოდნოდათ გინტურის ვინაობის შესახებ, რომ 2008 წლის ომის მონაწილე იყო და ეს მკვლელობა მიზანმიმართული ყოფილიყო. ან მინიმუმ მისი ცხინვალში გატაცება სურდათ, რაც შესაძლოა არანაკლებ მძიმე შედეგით დასრულებულიყო. აღმაშფოთებელია ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულება ამ საკითხზე, ისევე როგორც ანდრია ჯაღმაიძის და საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლების. გორის საკრებულოს წარმომადგენელმა რაც იკადრა, ამის შემდეგ თავმოყვარე ხალხი სავარძლიანად გამოაგდებდა კაბინეტიდან ასეთ ჩინოვნიკს. “რამდენი ვიღაც დალევს და სალოცავად მოუნდება ასვლა, ყველა ასე უნდა მოიქცესო?!” - ბრალი დასდო გინტურს. შემდეგ უფრო შორსაც წავიდა და ოკუპაცია და ოკუპანტების კანონები ფაქტობრივად სამართლებრივად აღიარა, კანონიერად გამოაცხადა - გინტურის ქცევას კანონდარღვევა უწოდა. ამ ადამიანებისგან შორსაა სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმის ცნება. დროებითი კომფორმიზმი წარმოუდგენიათ ცხოვრების მთავარ მონაპოვრად და ისეთებს კადრულობენ, რაც ხშირად დაუჯერებელიცაა და აუხსნელიც, რატომ აკეთებენ ამას. რუსობის და ორჯონიკიძეობის გარდა არაფერი ჰქვია ამას.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, დღევანდელი შეფასებებით, არ გამოირიცხება რომ მმართველი პარტია შესაძლოა არ შეეგუოს მოსალოდნელ მარცხს და ყველაფერი გააკეთოს ძალაუფლების შესანარჩუნებლად - რამდენად შეძლებს GEN-Z რეალობის შეცვლას უკეთესობისკენ?

პირველ რიგში, ამ დროისთვის აშკარა არაა, რომ ოპოზიცია ახერხებს ხელისუფლების ძალაუფლების ჩამოშლას არჩევნების გზით. ამას მაღალი საარჩევნო ბარიერიც განაპირობებს, რომელსაც “ოცნება” ცხადია არ დათმობს და ოპოზიციურად განწყობილი უამრავი ადამიანის ხმა ნაგავში აღმოჩნდება. მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები ჩამოვლენ საქართველოში და დააკვირდებიან მთლიან პროცესს, რადგან არჩევნების გაყალბება, მასზე მანიპულაცია და ამომრჩევლის ნებაზე არაკანონიერი საშუალებებით ზეგავლენა სწორედ არჩევნების დღემდე ხდება ძირითადად. თუკი საერთაშორისო მონიტორები დაწერენ შესაბამის დასკვნას და ხელისუფლება მის წინააღმდეგ წავა, გადააბიჯებს მათ და ძალაუფლების შენარჩუნებას მაინც შეეცდება, ვერავინ ვერ შეაჩერებს იმ ტალღას, რომლის ნაწილიც ახლა უკვე ახალგაზრდებიც იქნებიან. აღარავინ დაუთმობთ ასე მარტივად ძალაუფლების მიტაცებას და ალბათ მძიმედ დაუსრულდებათ ეს მცდელობა. ახალგაზრდობა გამოვიდა იმ რეჟიმიდან, როცა სულ ერთი იყო მისთვის ამ ქვეყნის პოლიტიკური რეალობა. ასე რომ, არავინ აპირებს მომავლის მოპარვის მცდელობას უმოქმედოდ შეხვდეს.

არსებობს თაობათა ჭიდილი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მკაფიოდ არის გამოხატული? როგორ ფიქრობთ თაობებს შორის რა გზით უნდა მოხდეს კონსენსუსამდე მისვლა?

კი, ამას კვლევებიც აჩვენებს და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც თითოეული ჩვენგანი ვაწყდებით. ჩემი თაობა ბევრად უფრო კრიტიკულად და რადიკალურადაა განწყობილი იმ რუსული რეჟიმის მიმართ, რომელიც დღეს ძალაუფლებაშია. ბევრად უფრო მკაფიოა ახალგაზრდებში დასავლური მომავლისთვის ბრძოლის მოტივაცია, წინა თაობის წარმომადგენლების დიდი ნაწილი კი შემგუებლური პოზიციით გამოირჩევა არსებული რეალობის მიმართ, უფრო მარტივია მათზე მანიპულირება და თუნდაც მათი დაშინება გამოგონილი საფრთხეებითა თუ უშუალო მუქარებით, რომელიც ძირითადად საჯარო სამსახურებში დასაქმებულებზეა მიმართული.

თაობათა ჭიდილი, ამგვარი ბრძოლა, არაა მხოლოდ ჩვენი დროის “ნოუ-ჰაუ”. ილიაც კი წერდა ამაზე და “მამათა და შვილთა ბრძოლად” მოიხსენიებდა. ამგვარი დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა ბოლო საუკუნეებში, დროის კონტექსტის მიხედვით და დღეს ნებისმიერს რომ ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ შვილების თაობა ყოველთვის მართალი იყო. უფრო მეტიც, მამების თაობებს გალანძღავენ ყველა დროში მათი ქცევის გამო. გასულ საუკუნეშიც ასე იყო, განსაკუთრებით, 9 აპრილის დღეების ისტორიებს თუ მოისმენთ, ყველას თავისი ისტორია აქვს, რა სახის ჭიდილი ჰქონდათ წინა თაობასთან, მათ შორის, ოჯახშიც კი. კომფორმიზმი, ბრძოლის ნაკლებ უნარიანობა, შემგუებლობა, სამწუხაროდ ახასიათებთ წინა თაობებს და განსხვავებულად მოქმედ ახალგაზრდებს აქილიკებენ კიდეც, მაგრამ ეს ვერცერთ ეტაპზე ვერ გახდა ეს ხელშემშლელი ამ ახალგაზრდებისთვის, პირიქით. ახალგაზრდული სული სწორედ მის დაუმორჩილებლობასა და მგზნებარებაშია. მეორე მხრივ, საბჭოთა დროში და დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ ადამიანებს შორისაც ხელშესახები სხვაობაა. საბჭოთა მენტალობის ადამიანზე კრემლმა კარგად იცის რა მეთოდებით, თუნდაც რა სახის პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით უნდა იმანიპულიროს. ამას სამწუხაროდ ასე თუ ისე წარმატებით ახერხებენ. მაგრამ რთულია რამე მოუხერხო იმ თაობას, რომელსაც არასდროს უცხოვრია ვიღაცის დიქტატის ქვეშ და რომლის ენაც არ იცი. რომლებისთვისაც უცხოა ყოველგვარი შეზღუდვა თავისუფლებისა და მისი დამორჩილების მცდელობა, უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფა. იდეის დონეზე შეიძლება გარკვეულწილად ვთანხმდებით, რომ ყველა თაობას გვსურს მაგალითად ევროკავშირში ვიხილოთ საქართველო, მაგრამ განსხვავება იმაშია, სურვილების მიღმა ვინ რას აკეთებს ამისთვის და რამდენად სწორად ესმის იმ ყველაფრის არსი, რასაც რეალურად ევროპა წარმოადგენს. ვინც ამბობს, რომ საქართველო ევროპაში წარმოუდგენია, ყველას რომ გააზრებული ჰქონდეს ეს, “ოცნება” ძალაუფლებას ვერაფრით შეინარჩუნებდა აქამდე. ალბათ ხელისუფლების დემოკრატიული ძალების მიერ ცვლილების შემდეგ, ეს მავნე რეალობა გარკვეულწილად შეიცვლება, ის ადამიანებიც გაიგებენ თავისუფლების ფასს და გადააფასებენ ბევრ რამეს. ფუნდამენტური ამოტრიალება შესაძლოა ვერ მოხერხდეს და ეს მხოლოდ დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში დაბადებულ თაობებს ხვდეს წილად, მაგრამ წარმომიდგენია, რომ ავტოკრატიული მმართველობის დასრულების შემდგომ, ბევრად უფრო კარგ საზოგადოებად ჩამოვყალიბდებით. ეს ხელს შეუწყობს თაობებს შორის ამ ბარიერების რღვევასაც და მათ მეტ ჰარმონიზაციას.

გიგა გელხვიიძე CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა
პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
ინტერვიუ ► Მეტის ნახვა