ექსკლუზივი! კრამონი Cnews - ის ევროპის ბიუროს სკანდალურ ინტერვიუს აძლევს

სულ ნახვები : 5,200
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვიოლა ფონ კრამონი 2019 წლიდან მწვანეთა/EFA-ს ევროპარლამენტის წევრია. ის არის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) წევრი და ევროკავშირ-უკრაინის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციის ვიცე-თავმჯდომარე.  

2009-2013 წლებში იყო მე-17 მოწვევის ბუნდესტაგის წევრი. იქ ის იყო ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და სპორტის პოლიტიკის სპიკერი. დეპუტატი პუტინის რეჟიმის მწვავე კრიტიკით გამოირჩევა. იგი ცნობილია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდაჭერით და აქტიურ პოზიციას იკავებს. აკრიტიკებს საქართველოს მთავრობასაც, ფიქრობს, რომ  ქართული ოცნების ხელისუფლება საქართველოს შანსებს აკარგვინებს და ღალატის ტოლფასს დანაშაულს ჩადის.  Cnews-მა ვიოლა ფონ კრამონთან ინტერვიუ ბერლინში ჩაწერა. როგორ აფასებს საქართვეოს ხელისუფლების პოზიციებს, რას ფიქრობს სააკაშვილის შესახებ, ამ და სხვა თემებზე ევროპარლამენტარმა მწვავე შეფასებები გააკეთა.

Cnews: პირველ რიგში მინდა გკითხოთ უკრაინაზე, როგორ აფასებთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს?

ვიოლა ფონ კრამონი: უკრაინაში არსებულ ვითარებას ორი ასპექტი აქვს. სამხედრო ფრონტზე სიტუაცია შედარებით იმედის მომცემია. ხარკოვის და ახლახან ხერსონის განთავისუფლების შემდეგ, უკრაინულმა არმიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას აქვს მოტივაცია და უნარი, დაიბრუნოს თავისი ქვეყანა ოკუპანტებისგან, თუ სათანადო საშუალებები ექნებათ. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინელების მიმრაგება  მათთვის სასურველი იარაღით, რათა მათ შეძლონ თავიანთი ხალხისა და სახელმწიფოს დაცვა.

მეორე მხრივ, რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს და უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. რამდენიმე დღის წინ კიევში ვიყავი. იქ სიტუაცია კრიტიკულია. მოსახლეობას არ აქვს დენი, წყალი და გათბობა. ამის მიუხედავად, საზოგადოებისა და ერთიანობის სული უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.  პუტინი ვერ შეძლებს უკრაინის შიგნიდან გაყოფას.

რაც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება ამ ეტაპზე არის უახლესი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა დაიცვას თავისი კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ზამთარი შედარებით უვნებლად გადალახოს.  ჩვენ ასევე გვსურს შევქმნათ კრიტიკული ინფრასტრუქტურა და სათადარიგო ნაწილების ცენტრი ევროკავშირში უკრაინის საზღვართან, იარაღის არსებული სადისტრიბუციო ცენტრების მსგავსი. ამ გზით, როდესაც რუსული რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები ნგრევას გამოიწვევენ, უკრაინას შეუძლია უმოკლეს დროში აღადგინოს ზიანი.

Cnews: ამ ფონზე მაინტერესებს საქართველოს მდგომარეობა (პოზიცია). თქვენი, როგორც დასავლელი დეპუტატის გადმოსახედიდან, რამდენად უჭერს მხარს საქართველოს ხელისუფლება უკრაინას?

ვიოლა ფონ კრამონი: ვშიშობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ომში მორალურად და პოლიტიკურად სწორი მხარე ვერ დაიკავა. ეს სრულიად ეწინააღმდეგება ქართველთა აბსოლუტურ უმრავლესობას, რომლებიც აგროვებენ  შემოწირულობებს, იღებდნენ ლტოლვილებს და უწყვეტად მართავენ აქციებს  უკრაინის მხარდასაჭერად. სექტემბერში ვიყავი თბილისში და ყველგან ვხედავდი მხარდაჭერის ნიშნებს: ქალაქის გარშემო გრაფიტიდან დაწყებული უკრაინის დროშებით დაკიდებული სახლების  ფანჯრებზე.  

Cnews: რამდენიმე დღის წინ,  ბერლინში ინტერვიუ ჩავწერე ცნობილ რუს მწერალს ვლადიმირ კამინერთან, რომელმაც  თქვა, რომ თუ საქართველო ღრმა ძილიდან არ გამოფხიზლდება შანსებს დაკარგავს. როგორ ფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლება ღრმა ძილშია?

ვიოლა ფონ კრამონი:  ვშიშობ,  ბატონი კამინერი მართალია. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ღიად ავრცელებს ანტიევროკავშირის, ნატოს და აშშ-ს საწინააღმდეგო ნარატივებს. ის არც მალავს ამას. საბედნიეროდ, ქართველების 80%-ზე მეტს ესმის სიტუაცია და რჩება ევროპული გზის ერთგული. მეორე მხრივ, მოლდოვასა და უკრაინას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველო კი აშკარად ჩამორჩა ამ ხაზს.

Cnews:  როგორია საქართველოს ევროინტეგრაციის შანსები ამ რეალობიდან? ელით თუ არა რაიმე პროგრესს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისგან? ანუ, გჯერათ, რომ საქართველოს ხელისუფლება იგრძნობს ევროპის მოთხოვნებს და შეეცდება გამოასწოროს და გააუმჯობესოს ყველა ის პუნქტი, რაც მათ  საშინაო დავალების სახით გადაეცათ?

ვიოლა ფონ კრამონი:   საქართველოს მთავრობის მიერ განვლილი კურსიდან გამომდინარე, არ ველოდები, რომ მალე სიტუაცია გაუმჯობესდება. ამასობაში, შესაძლებლობების ფანჯარა იხურება და საქართველო არის რისკის წინაშე,   მიეცეს  დავიწყებას და მარგინალიზებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში. შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ეს მიმაჩნია ღალატად და საქართველოს კონსტიტუციის აშკარა დარღვევად.

Cnews: გკითხავთ სააკაშვილზეც. მოგეხსენებათ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც პროდასავლურად ითვლებოდა და რომელმაც საქართველოში ბევრი რეფორმა გაატარა და ქვეყანა ევროპასთან დააახლოვა, ამჟამად ციხეში, უფრო სწორად საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა მძიმეა. რას ფიქრობთ ამ პროცესებზე?

ვიოლა ფონ კრამონი:    სააკაშვილის პრეზიდენტობის მემკვიდრეობის შეფასება ისტორიისა და საქართველოს ხალხის გადასაწყვეტია. ვიცი, რომ ყველაფერი შავ-თეთრი არ არის. მე ვიყავი მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი, როდესაც ჯერ კიდევ გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ვიყავი. თუმცა, მე ასევე ვხედავ მის ბევრ პოზიტიურ რეფორმას, რომელმაც ჩამოაყალიბა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ჩემთვის ბატონი სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა უპირველეს ყოვლისა ჰუმანიტარული საკითხია. ნათელია, რომ მისი მდგომარეობა სწრაფად უარესდება და მთავრობას სასწრაფოდ სჭირდება მისი საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებას გაუწევს. ეს შეიძლება მოხდეს პოლონეთში, გერმანიაში ან სხვაგან.

Cnews: და ბოლოს, მინდა გკითხოთ, უნდა ჰქონდეთ თუ არა ქართველებს დასავლეთის იმედი, უფრო სწორად, რამდენად შეგვიძლია ვენდოთ დასავლეთს მხარდაჭერაში, ჩვენ მწარედ გვახსოვს 2008 წლის ბუქარესტის სამიტი, სადაც სარკოზი და მერკელი საქართველოს წინააღმდეგ წავიდნენ, შეიძლება ასე ითქვას, რამაც გზა გაუხსნა რუსეთს და მოგეხსენებათ, პუტინმა დაიწყო ომი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში.

ვიოლა ფონ კრამონი: ვითარება მკვეთრად შეიცვალა 2008 წლიდან. მსოფლიომ დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. გარდა ამისა, არასწორია სარკოზისა და მერკელის გაიგივება მთლიანად დასავლეთთან. საქართველოს დასავლეთში ბევრი მეგობარი და მხარდამჭერი ჰყავდა და ჰყავს. მნიშვნელოვანია ამ მხარდაჭერის გაძლიერება და ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა არის საქართველოს ერთგულების ჩვენება ევროკავშირში ინტეგრაციისა და ევროპული ღირებულებებისადმი. რაც უფრო უახლოვდება საქართველო ევროკავშირს ინსტიტუციურად და ღირებულებითი თვალსაზრისით, მით უფრო გაუჭირდება დასავლეთს საქართველოს საჭიროებების უგულებელყოფა.

მიხეილ ხაჩიძე, Cnews

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა