საქართველოში გრიპის ვირუსის სტატისტიკა გაიზარდა - რას აცხადებენ ინფექციონისტები
...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, ბოლო ორ კვირაში გრიპის ვირუსის გავრცელება თითქმის გაორმაგებულია. ამასთან, ქვეყანაში ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსიც.
მედიკოსების თქმით, ვირუსების შემთხვევაში კლინიკური გამოვლინება მსგავსია - მაღალი ცხელება, ხველა და სასუნთქი გზების დაზიანება. გრიპის ვირუსს ახასიათებს მადის დაკარგვა და ძლიერი თავის ტკივილიც.
"ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა. თუ გადავხედავთ იმ ციფრებს, რასაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, 2023 წლის 49-ე და 51-ე კვირის მონაცემებს თუ შევადარებთ, პრაქტიკულად გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა. თუ 49-ე კვირას ეს ციფრი იყო 16%, ორი კვირის შემდეგ 27% გახდა.
ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს ტემპერატურა 38 და უფრო მეტი, ძლიერი თავის ტკივილი, კუნთების, სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე, ბავშვებში ამას ემატება საკვებზე უარის თქმა, მომატებული ძილიანობა ან ჭირვეულობა, ეს ყველაფერი მიუთითებს სწორედ გრიპის ვირუსის არსებობაზე. ამიტომ, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში ეს შემთხვევა უნდა იყოს არა მხოლოდ ოჯახის წევრების, არამედ ექიმის მიერაც მართული," - ამბობს ინფექციონისტი ივანე ჩხაიძე.