გია გურული: ფეხბურთი კარტოფილი არ არის, რომ მოსავალი ერთ თვეში მიიღო

სულ ნახვები : 217
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

1990 წლის 27 მაის საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთის ისტორიაში პირველი მატჩი გამართა. მეტოქე ლიეტუვის ნაკრები იყო. მატჩი ფრედ, 2:2 დამთავრდა.

საქართველოს ნაკრების პირველი გოლის ავტორი გია გურული გახდა. საბჭოეთის დროს გურული თბილისის დინამოსთვის ირჯებოდა. ერთი სეზონი ლანჩხუთის გურიაშიც გაატარა. დამოუკიდებელი ჩემპიონატის პირველ სეზონი თბილისის იბერიაში (დინამოს საწყის წლებში ასე ერქვა) გაატარა და 25 მატჩში 23 გოლი შეაგდო. ამ შედეგით მამუკა ფანცულაიასთან ერთად ეროვნული ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა.

შემდეგ პოლონეთს მიაშურა. კატოვიცეში ორი წელი იბურთავა და ფრანგულმა ლე ავრმა გადაიბირა. შვიდწილიან ფრანგულ კარიერაში ასევე დიუნკერკი და კალეც იყო.

2004-05 წლებში გურული საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალან ჟირესის თამაშემწედ მუშაობდა. შემდეგ ეროვნული ჩემპიონატის გუნდებსაც წვრთნიდა – ბათუმის დინამო, ქობულეთის შუქურა, ფოთის კოლხეთი.

ამჟამად ის საფრანგეთშია... გია გურული პირველი ისტორიული მატჩისა და გოლის შესახებ CNews-სთან იხსენებს.

_ საქართველოს ნაკრების ისტორიული პირველი მატჩიდან 31 წელი გავიდა. თქვენ ძირითად შემადგენლობაში იყავით, როგორ გაიხსენებთ იმ თამაშს?

_ ნაკრების პირველი თამაში ისტორიაში ყველასთვის ემოციური იყო – თითქოს ქვეყანას ახალშობილი ჩვილი მოევლინა. რატომღაც სულ სხვანაირი განცდა გვქონდა, რატომღაც ყველა სერიოზული გავხდით და თამაშის მოლოდინში ნელ-ნელა ვიძაბებოდით. ბოლოს დადგა ის მომენტი, მაისური რომ ჩავიცვი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს აბჯარი მეცვა და საომრად ვემზადებოდი „უცხო ერის“ წინააღმდეგ.

_ საქართველოს ნაკრების პირველი გოლი თქვენია. რას გრძნობდით იმ წუთში?

_ როდესაც გოლი გავიტანე ჩვეულებრივად ავღნიშნე. ისე, როგორც ყოველთვის, რადგან ჯერ კიდევ მოედანზე ვიყავი და თამაში უნდა გამეგრძელებინა. მატჩის მერე მივხვდი, რომ ეს გოლი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე პრესტიჟული იყო – ის ხომ ისტორიაში ჩაიწერა.

_ საქართველოს ნაკრების თამაშებს ადევნებთ თვალს?

_ რა თქმა უნდა. არ მინდა ვინმეს გული ვატკინო, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით. თუ ფუნდამენტი არ არსებობს, კარგი გაგრძელება არავის და  არაფერს არ აქვს. ყოველთვის შეიძლება გავალამაზოთ, მაგრამ ეს დროებითი იქნება. მინიმუმ 20-25 წელი უნდა რომ შედეგი დადო. ეს კარტოფილი არაა, რომ რამდენიმე თვეში კარგი მოსავალი მიიღო. ნიჭიერი ბავშვები რომ არ დაიკარგოს, საჭიროა ინფრასტრუქტურა და უფასო სკოლები. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრს არ აქვს ყოველ თვეში 100 ლარი ფეხბურთში გადასახდელად. არადა, მათ შორის უფრო მეტი ნიჭიერია, ვიდრე იმათში, ვინც ამ თანხის გადამხდელია.

_ ეროვნულ პირველობას თუ უყურებთ?

_ სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატს სამსახურის გამო თვალს ვერ ვადევნებ და აზრის გამოთქმა გამიჭირდება. თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვი იმას ვიტყვი ყოველთვის – სანამ ინფრასტრუქტურა არ იქნება მოგვარებული, სანამ ბავშვი ფეხბურთში ფულს გადაიხდის ტყუილად ნუ ველოდებით შედეგებს.

_ ერთი პერიოდი საქართველოში მუშაობდით და ისევ ფეხბურთის სფეროში. ამჟამად სად მოღვაწეობთ?

_ 1992 წლის შემდეგ საფრანგეთში ვცხოვრობ. ვიყავი ჩამოსული საქართველოში, ნაკრებში ჟირესის თანაშემწედ, შემდეგ რამდენიმე გუნდში ვიმუშავე, მაგრად სამწუხაროდ შედეგს გაგრძელება არ მოჰყოლია. ისევ და ისევ ფინანსური პრობლემების გამო. ასეთი მუშაობა ჩემთვის მიუღებელი იყო. რა უნდა მომეთხოვა ფეხბურთელისთვის? ასე რომ სამწუხაროდ საფრანგეთში დაბრუნება ვარჩიე. ახლა ერთ ფირმაში ვმუშაობ. სამწუხაროდ, ფეხბურთს ჩამოვშორდი. ვნახოთ, შესაძლოა ისევ დავბრუნდე...

დავით ხარშილაძე, CNews


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა