„გამოღმით მე ვარ...“ - რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა ნამოხვანის თემაზე ფილმი გადაიღო

სულ ნახვები : 1,259
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,გამოღმით მე ვარ ...“- ასე ჰქვია რეჟისორ გიორგი ოვაშვილის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანში მცხოვრები ადამიანების რეალურ ყოფას გადმოგვცემს.

ფილმის პრეზენტაციამდე CNews-ი რეჟისორს ესაუბრა:

- ბატონო გიორგი, რაზე მოგვითხრობს ფილმი?

- ფილმი რიონის ხეობაში მცხოვრებ ადამიანებზეა. უშუალოდ, იმ სოფლის მაცხოვრებლების ცხოვრებაზე, რომელთა მიწებიც და სახლ-კარიც კაშხლის მშენებლობის შემდეგ წყლის ქვეშ შეიძლება, მოექცეს. მთავარი პერსონაჟები არიან თვითონ ადგილობრივი მცხოვრებლები. ეს ფილმი შეეხება მათ ცხოვრებას, მათ აზრებს და დამოკიდებულებას ამ მშენებლობის მიმართ. ეს არის რაღაცნაირი გუნდური გმირი - ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც გვიყვება თავის განწყობებზე.

- ვარლამ გოლეთიანს და იმ ადამიანებს თუ ვიხილავთ ფილმში, ვინც 218-ე დღეა, რიონის ხეობას იცავს?

- ჩვენი აქედან წასვლის მიზეზი, რომ ეს ფილმი გაგვეკეთებინა, ის იყო , რომ ჩვენამდე აღწევდა ერთმანთისგან განსხვავებული რადიკალური მოსაზრებები, სხვადასხვა მედიასაშუალების მეშვეობით. ძალიან გვინდოდა, გავრკვეულიყავით, რეალურად რაში იყო საქმე იმიტომ, რომ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ქვეყანაშია თავისთავად ინტერესის საგანი ხდება თითოეული ჩვენთაგანისთვის. ამიტომაც გადავწყვიტე, მელაპარაკა უშუალოდ იმ ადამიანებთან, რომლებმაც უფრო მეტი იციან ამ პრობლემის და კონფლიქტის შესახებ. მინდოდა, მყოლოდა ორი განსხვავებული გმირი, რომელიც აღმოჩნდა ერთი და იგივე მდინარის სხვადასხვა მხარეს, თავისი პოზიციის გამო, ფილმსაც სწორედ ამიტომ ჰქვია ეს სახელი. ფილმის არსი იყო, რომ მოგვეძებნა ის ხიდი, რომელიც ამჟამად არ არსებობს და ორ ადამიანს, რომელიც ერთი და იმავე ადგილასაა, ერთმანეთისგან აშორებს. ამიტომაც წინასწარ შევთავაზეთ ორივე მხარეს, რომ მათი მხრიდან თითო გმირი ყოფილიყო, რაზეც ვარლამ გოლეთიანმა თანხმობა განაცხადა, თუმცა როდესაც ადგილზე ჩავედით, სხვა რეალობა, ერთგვარი ჩაკეტილი სივრცე დაგვახვედრეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ხეობას იცავენ, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი უცნაურობა იყო, ამის გამო მოგვიწია, ფილმის სცენარი შეგვეცვალა.  

ამიტომაც წავედით ხეობაში და ადგილობრივი მაცხოვრებლები, როგორც გითხარით, უშუალოდ ის ადამიანები, ვისაც ეს პრობლემა შეეხო,  გახდნენ გმირებიც. სამწუხაროდ, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აზრის დაფიქსირება ვერ შევძელით.

- რამდენი ხანი გაგრძელდა ფილმის გადაღება?

- ფილმის გადაღება, დაახლოებით, ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა.

- ფილმის გადაღების პროცესში რაიმე სახის პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ სამართალდამცავების მხრიდან?

- არა, არანაირი პრობლემა არ ყოფილა და არც მესმის, რატომ უნდა ყოფილიყო. თუ კი რაიმე კანონს არ არღვევ, ვერც პრობლემა შეიქმნება. ერთადერთი  პრობლემა ის იყო, რომ ჩვენ ჩავედით ადამიანებთან, რომლებზედაც გვინდოდა ეს ფილმი გადაგვეღო და რეალურად, მათ ვერ ვესაუბრეთ, მიუხედავად რამდენიმედღიანი მცდელობისა.

- როდის და სად შედგება ფილმის პრეზენტაცია?

- ფილმის პრეზენტაცია  1-ელ ივნისს იქნება, 20:00 საათზე, ლისზე, ღია სივრცეში, ადგილიც თემატურად იქნა შერჩეული, რათა ახლოს ყოფილიყო იმ განცდასთან და ატმოსფეროსთან, რაც ფილმშია.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა