მთავარ გამოწვევად კვლავაც რჩება ის რეჟიმი, რომელიც მართავს ამ ქვეყანას - ნიკო მანაგაძე

სულ ნახვები : 2,796
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მარტის აქციების ავანგარდში მყოფ სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ხელმძღვანელი ნიკო მანაგაძე, გაზეთ „ქრონიკა+“-თან საუბრისას, 2023 წელს აჯამებს.

მანაგაძის თქმით, საქართველოში მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება „ქართული ოცნების“ რეჟიმი, რომელიც ქვეყანას მართავს, მისივე შეფასებით, 7-8 მარტის აქციები იყო ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი, მანაგაძე მას ერთგვარ გამოფხიზლების აქტს უწოდებს.

_ 10 ბალიანი სისტემიდან რამდენით შეაფასებდით 2023 წელს და რატომ?

_ ქულით შეფასება ალბათ გამიჭირდება, მაგრამ ეს ნამდვილად ვერ იქნება ვერც 10 ქულა და ზოგადად ვერც დიდად დადებითი შეფასება. ამ წელს, რა თქმა უნდა, ჰქონდა თავისი პოზიტივიც, ბევრი დადებითი ემოცია და მომენტებიც გვაჩუქა, მაგრამ ფუნდამენტური რაღაცები სამწუხაროდ ამ ქვეყნისთვის არ შეცვლილა, ის, რისთვისაც ვიბრძვით. ამ მხრივ, ნამდვილად ვერ უგულებელვყოფთ წლის ბოლოს მონიჭებულ კანდიდატის სტატუსს. ამან მიმდინარე წელს ცოტა დადებითი ელფერი შესძინა, მაგრამ ეს დღე ვერ დადგებოდა, რომ არა ქართველი ხალხის ურყევი ნება და მტკიცე ბრძოლა ამავე წლის მარტში. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, ეს წელი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო ამ მოვლენების გამო და ასეც მოინიშნება ისტორიაში.

_ მთავარი პოლიტიკური მოვლენა 2023 წლის?

_ ამ წელს ჰქონდა ორი მთავარი მოვლენა, რომელმაც ერთმანეთი განაპირობა - წლის დასაწყისში მარტის მოვლენები, ქართველი ხალხის, ახალგაზრდების, დიდი ხნის განმავლობაში არნახული და უმწვავესი წინააღმდეგობა რეჟიმის პოლიტიკის მიმართ, რომელიც ცდილობდა ამ ქვეყნის დასავლეთისგან საბოლოოდ ჩამოშორებას და რუსეთიზაციის ფინალური ფაზის წამოწყებას იმ ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე კანონის ინიციირებით და შემდგომში დამტკიცებით. ამ დღეებში ხელისუფლების წინაშე მოხდა ხალხის რეალური ძალის დემონსტრირება, რეჟიმი ყველაზე სუსტად და მყიფედ გამოიყურებოდა და ფაქტობრივად ერთი ნაბიჯი აშორებდათ სრულ ჩამოშლამდე. ხალხმა შუალედურ გამარჯვებას მიაღწია, კანონი გაიწვიეს და წლის ბოლოს ეს ბრძოლა დაგვირგვინდა მეორე შუალედური გამარჯვებით, რომელიც სწორედ ამ დღეების ბრძოლამ განაპირობა - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭება საქართველოსთვის, რაც, რა თქმა უნდა, არაა საბოლოო მიზანი და ბოლო საფეხური, მაგრამ არის ამ მიზნისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. არაფრით უნდა დავივიწყოთ, რომ დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა ისიც, რომ დღეს მოლდოვასა და უკრაინას ამ მხრივ ერთი საფეხურით ჩამოვრჩებით და უკვე გაწევრიანებაზე არ ვხსნით მოლაპარაკებებს, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ მათ დავეწიოთ, თუკი ხალხი გონივრულად იმოქმედებს მომდევნო წელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგადად ამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ვერ ვხედავ. ასეთი ხელისუფლების პირობებში საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის მხრივ ვეღარ იქნება და სულ უფრო გართულდება დემოკრატიის მხრივ ვითარება საქართველოში.

_ მარტის აქციების როლი საქართველოს მომავალ განვითარებაში?

_ მარტის აქციები იყო დიდი ეროვნული გამოფხიზლების აქტი. ამ დღეების მსგავსი ერთიანობა ამ ქვეყანაში არ ყოფილა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ. ეს ამ ხელისუფლებამ ნამდვილად მოახერხა, რომ ასე უპრეცედენტოდ გააერთიანა ქართველი ერი დიდი ბოროტების წინააღმდეგ, რასაც საქართველოსთვის ევროპული მომავლის წართმევა და პუტინის რუსეთში გაღვიძების პერსპექტივის შეთავაზება წარმოადგენს. უკვე ვთქვით, რომ ამ დღეების გასაოცარმა ბრძოლამ განაპირობა ევროკავშირის წლის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებაც. ყველას გვახსოვს, ევროპელი ლიდერების ემოციები და გაკვირვება, როცა ისინი ასეთ ფიზიკურ ბრძოლას ხედავდნენ ქართველების მხრიდან ევროპული მომავლისთვის. არავის უნახავს, ისეთი გულწრფელობით და სიმტკიცით ებრძოლოს ვინმეს ევროპული დროშით ხელში, როგორც საქართველოში (ვგულისხმობ ნანა მალაშხიას). ამ კადრმა მთელი ევროპა მოიარა, ყველას გულში შეაღწია. შეუძლებელი იქნებოდა ამ ხალხის ასეთი თავგანწირული ბრძოლა არ დაფასებულიყო. ამ დღეს, დარწმუნებული ვარ, შემდეგი თაობებიც გაიხსენებენ და მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, სხვა ახალგაზრდებთან ერთად, მეც შემეტანა წვლილი ამ დღეების შექმნაში და ვყოფილიყავი წინა ხაზზე საკუთარი სამშობლოსა და მომავლის დაცვისას. ალბათ ამ მხრივ პატივი იყო დაკავებაც და იზოლატორში გამოკეტვაც. ამ დღეს ხალხმა იპოვა გამარჯვების ფორმულა: როცა ერთ ლოყაში შემოგარტყამენ, მეორე არ უნდა მიუშვირო. უნდა აიღო და შემოარტყა ორივეში. დასრულდა ხელებაწეული რეჟიმთან საუბრის დრო. უკვე ხალხმაც იცის, რომ ასე მიიღწევა გამარჯვება და რეჟიმმაც, რომ მისი დამარცხება ასე სულ უფრო ხელშესახები ხდება და ხალხის პროტესტი ახლა უფრო საშიშია, ვიდრე აქამდე. დარწმუნებული ვარ, ამ დღეების შემოქმედი ყველა ახალგაზრდა იგრძნობს თავს საბოლოოდ გამარჯვებულად და მათ შორის ლაზარეც მალე იქნება თავისუფლებაზე. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ პირადად მე და ჩემი მოძრაობა. მისი საკანი უნდა დაიკავოს იმ ხალხმა, ვინც უკანონო ბრძანებებს გასცემდა საკუთარი მოქალაქეების არაპროპორციული ძალით დარბევაზე, ვინც სცემდა და არაადამიანურად ექცეოდა აქციის მონაწილეებს, დაკავებამდეც და მას შემდეგაც. მარტის დღეების სიამაყეს ვერაფერი შეცვლის და დარწმუნებული ვარ, ისევ ისე გაიხსენებს და ისეთ ემოციებს აღძრავს ამ დღის ხსენება მის ყველა მონაწილეში წლების შემდეგაც, როგორც ეს დღეს ხდება. ამ დღეებმა ეს ნამდვილად დაგვიტოვა - უდიდესი ემოცია. პირველად ვიგრძენით ასე მკაფიოდ ჩვენი ბრძოლის შედეგი.

_ მთავარი პრობლემა, რომლის გადაჭრაც შეიძლებოდა  და ეს ვერ მოხერხდა?

_ მთავარ გამოწვევად კვლავაც რჩება ის რეჟიმი, რომელიც მართავს ამ ქვეყანას. ყველაფერს თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სწრაფვას არგებენ, არ არსებობს მათთვის სხვა ინტერესი. როგორც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას დასჭირდება, ისე ატრიალებენ ამ ქვეყანას ყოველ ჯერზე. რაღაც კონკრეტულ მომენტში დასჭირდებათ რუსეთი? რუსულ დროშას აფრიალებენ ლამის. მიხვდებიან, რომ ამ მომენტში მომგებიანია ევროპელობის თამაში? ევროპულ დროშას მოიმარჯვებენ უმალვე და თავიანთ თავს ყველაზე უფრო დიდ ევროპელებად გამოაცხადებენ. ეს ყველაზე უფრო საშიშია. ასე ჰყავთ მომართული საკუთარი პროპაგანდისტული საშუალებებიც და მათზე მიბმული ხალხის სეგმენტს მთლად ურევენ ყველაფერს. ასეთი ხალხიც და ხელისუფალიც საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი საფრთხეა ქვეყნის სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისთვის. ამ ხალხსაც მარტივად აჯერებენ, როცა სჭირდებათ, რომ მთლად რუსები არ არიან და ეს გაურკვევლობა მთლიანად მათ პროპაგანდაზე დამოკიდებულს ხდის ასეთი ადამიანების ტვინებს. ეს პრობლემა გადასაჭრელია. ხალხი უნდა მოვწყვიტოთ მათ პროპაგანდას და მკაფიოდ დავანახოთ რეალობა, რათა მომდევნო არჩევნებზე გააზრებული არჩევანი გააკეთონ. ამ “პროთავისი” ადამიანების ხელში ძალაუფლების დატოვება უმძიმეს საფრთხეს წარმოადგენს უკვე, არც მეტი, არც ნაკლები, ამ ქვეყნის არსებობისთვის და მისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეებს ქმნის. შეუძლებელია უკვე ორ სკამზე ჯდომა, ორმაგი თამაში და მიდგომები. თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკური არქიტექტურა ამას ვეღარ დაუშვებს, მით უმეტეს, ჩვენი ტიპის სახელმწიფოსთვის. შესაბამისად, თუკი მოქალაქეებამდე ამას ვერ მივიტანთ, შემდგომი წლები წარმოუდგენლად უფრო მძიმე აღმოჩნდება საქართველოსთვის. მომდევნო წელს ეს პრობლემა გადასაჭრელია და შედეგად, საბოლოო, გარდამტეხი ცვლილებების დადგომაა აუცილებელი, რაც სამწუხაროდ წელს ვერ მოვახერხეთ.

_ რას უსურვებდით ახალ 2024 წელს საქართველოს?

_ ცვლილებებს. გარდამტეხ პოლიტიკურ ცვლილებებს. ვერაფერს ვუსურვებ ალბათ უფრო მნიშვნელოვანს ამ ქვეყანას. ამის გარეშე მომდევნო წლები უმძიმესად იქცევა თითოეული ჩვენგანისთვის. დიდი იმედი არ მაქვს, რომ ეს არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება, მაგრამ მაინც ვისურვებდი, რომ შესაძლებელი იყოს, ამ არჩევნებმა ასახოს ქართველი ხალხის რეალური ნება და როცა ერთი წლის თავზე კვლავ შევხვდებით, სულ სხვა რეალობაზე გვიხდებოდეს საუბარი, ბევრად უკეთესზე და დამაიმედებელზე.

ცნობისთვის, ნიკო მანაგაძის გარდა, პოლიტიკური ფიგურების მიერ 2023 წლის შეჯამება, გაზეთ „ქრონიკა+“-ის 25 დეკემბრის ნომერში და ასევე, ვებ-გვერდზე qronikaplus.ge შეგიძლიათ იხილოთ.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები