რატომ ეჭვიანობს ოპოზიცია გახარიაზე - მამუკა გამყრელიძის შეფასებები

სულ ნახვები : 642
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა - გიორგი გახარიას პარტია, რომელსაც ცეცხლი, მმართველ ძალასთან ერთად,  ოპოზიციამაც გაუხსნა. კერძოდ, „ლელო“-ს ლიდერებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ცნობილი  მუქარის წერილი სწორედ გიორგი გახარიამ შს მინისტრობის დროს თავის კაბინეტში გადასცა. ამ თემის გამოძიებას თითქმის მთელი ოპოზიცია ითხოვს. რამდენად სწორი სვლაა ოპოზიციის მხრიდან  გახარიას პარტიის დასუსტება, როდესაც წინ  რეფერენდუმად  მიჩნეული ადგილობრივი არჩევნებია და რიგგარეშე არჩევნების ბედი ხელისუფლების ხმების შემცირებაზეა დამოკიდებული? - CNews-ს „ევროპელი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა გამყრელიძე ესაუბრა.

- ბატონო მამუკა, რას ფიქრობთ ახალ პოლიტიკურ ძალაზე და  მასზე ოპოზიციის თავდასხმა წყალს ხელისუფლების წისქვილზე ხომ არ ასხამს?

- ძალიან კარგია, რომ ახალი მოთამაშე გამოჩნდა, რომელსაც საკმაოდ სერიოზული რესურსი აქვს, როგორც ადამიანური, ასევე, როგორც ამბობენ, ფინანსურიც. ნორმალური, კარგი გუნდია, რამდენიმე ადამიანი გამოირჩევა. ცუდია ის, რომ გახარიას მცირე გამოცდილება აქვს, როგორც პოლიტიკოსს. ის პოლიტიკოსი არ ყოფილა,  სახელმწიფო მოხელეებს ცოტა სხვანაირი შეხედულება აქვთ ხოლმე პოლიტიკაზე, მით უფრო, რომ ის მთლად ოლიმპოზე იყო და იქედან უყურებდა ყველაფერს. ჯერჯერობით ეს შეგრძნება მას დარჩა. იმედია, ნელ-ნელა გაერკვევა. თავდასხმები ბუნებრივია, ორივე მხრიდან იქნებოდა. მან კი გააკეთა განცხადება, არავის წინააღმდეგი არ ვართო, მაგრამ შეუძლებელია, რომ ეს შენარჩუნდეს - აუცილებლად იქნება ორმხრივი ბრძოლა.

- რაში გამოიხატება  გახარიას გამოუცდელობა?

- გამოცდილი პოლიტიკოსი სხვანაირად მოიქცეოდა, დაიწყებდა  კონსულტაციებს ოპოზიციასთან, თუნდაც კულუარულად. გარკვეულ ნაწილში იპოვიდა მხარდამჭერებს, გარკვეულ ნაწილთან დაინახავდა, რომ შეუძლებელია დალაგება. ყოველ შემთხვევაში, ერთგვარი ფუნდამენტი ექნებოდა ოპოზიციაში. რადგან შემოდიხარ ოპოზიციურ ველზე, შესაბამისად, იქეთ უნდა გადაიხარო და ხელისუფლებას როგორღაც უნდა დაუპირისპირდე. ახლა ვხედავთ, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკა ნაკლებია, ვიდრე ოპოზიციის მიმართ,  ეს ცოტა გაუგებარია.

- მისი ოპოზიციონერობა თქვენთვისაც გაუგებარია?

- ბიძინა ივანიშვილი, როგორც მან აღნიშნა, ძალიან კარგი ხელმძღვანელი ყოფილა,  მუშაობის საშუალებას აძლევდა, ირაკლი ღარიბაშვილი დაახასიათა, როგორც ძალიან კარგი მინისტრი. განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში და კარგი იქნება პრემიერის რანგშიცო. ისიც თქვა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მომავალ არჩევნებსაც, სავარაუდოდ,  „ქართულ ოცნება“ მოიგებსო და ამან რაღაც ნაკლებად ოპოზიციური შთაბეჭდილება დატოვა. შესაძლებელია, ეს ადამიანი, მართლაც, ასე ფიქრობს, მაგრამ მკვეთრი ოპოზიციური შთაბეჭდილება არ დატოვა, პირიქით, ის დაპირისპირებულია „ლელოსთან“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვა.

 გახარიას ვუსურვებ წარმატებას. თუკი მართლა გამოიჩენს პოლიტიკურ სიბრძნეს და პოლიტიკურ მახვილგონიერებას,  შეუძლია, საკმაოდ კარგი სეგმენტის დაკავება. ამ არჩევნებში, არ ვიცი,  რა შედეგს დადებს, მაგრამ შემდეგში თუ მისი პარტია დარჩება, მეტ პოლიტიკურ ბაგაჟს და გამოცდელებას  შეიძენს, ჩემი აზრით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საკმაოდ სერიოზული შედეგი შეიძლება ჰქონდეს.

- ოპოზიციის მხრიდან გახარიას  მიმართ თავდასხმების მიზეზი პოლიტიკური ეჭვიანობა ხომ არაა, რომ მის ხმებს წაიღებს?

- რა თქმა უნდა, შემოდის საკმაოდ მძლავრი მოთამაშე...

- ანუ, ფიქრობთ, რომ ის მძლავრი მოთამაშეა?

 - მძლავრი მოთამაშეა, ნებისმიერ შემთხვევაში, მას რამდენიმე პროცენტის აღების შესაძლებლობა ექნება. ხალხში გარკვეული პიროვნული მხარდაჭერა ჰქონდა. სხვა პარტიებს რომ შევხედოთ, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, რამდენია არჩევნებზე მათი მონაგარი? - სადღაც  3-დან 5-პროცენტამდე. არ უშვებთ, რომ გახარიას შეუძლია ცოტა მეტის აღებაც?

- საუბარი იმაზეც იყო, რომ გახარია წაიღებდა „ქართული ოცნების“ ხმებს. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- არ მჯერა, რომ ის მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმებს წაიღებს. ის, რომ ხელისუფლებას  წლების განმავლობაში მუდმივად აკლდება ამომრჩეველი, ეს პროცესია  და  ნებისმიერი სახელისუფლებო პარტია ამას განიცდის. ის ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ხელისუფლებას აქვს, დარჩება და არსად წავა. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდია საქართველოში ადმინისტრაციული  რესურსი. ის ადამიანები, ვინც მოხიბლული იყვნენ ბიძინა ივანიშვილით, „ქართული ოცნებით“,  მისი ახალი სახეებით, ნელ-ნელა განხიბლვას განიცდიან.  ეს ხალხი, ვინც შემოეცალა მმართველ ძალას, სად მიდის? რომ ვნახოთ თუნდაც ძველი სახეები „ქართული ოცნებისა“, ზოგი გადაბარგდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, ზოგმა საერთოდ მიატოვა პოლიტიკა და სხვა საქმიანობაში ჩაერთო...

ამ გაფანტული და შუაში დარჩენილი ამომრჩეველის შესრუტვას დაიწყებს გახარია. ეს ის ხალხია, რომელიც არასდროს მისცემს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ განხიბლულია „ქართული ოცნებისგან“. ეს ხალხი დაკარგულია „ქართული ოცნებისათვის“, ის მისი ამომრჩეველი უკვე აღარ არის. ამიტომ, იმის თქმა, რომ ის წაართმევს ხმებს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, ჩემი აზრით, არასწორია. სწორია, რომ ის სწორედ ოპოზიციის ხმებს წაიღებს, ოპოზიციასაც სწორედ ამ ხმებზე უნდა ენადირა და ეს ხმები უნდა წაეღო იგივე „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“. მათი ამომრჩეველია ის ხალხი, რომელიც დარჩენილია შუაში, არც „ქართული ოცნება“ უნდა და არც - „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ სწორედ ამ პარტიებს წაართმევს ამომრჩეველს გახარიას პარტია.

- რადგანაც გიორგი გახარიამ ივანიშვილთან დაკავშირებით არ გააკეთა მკვეთრი განცხადებები, ხომ არ ფიქრობთ, რომ არ წვავს უკან დასაბრუნებელ ხიდებს ივანიშვილთან?

- მეც ცუდად მომხვდა ყურზე მისი არამკვეთრი განცხადებები. მესმის, შეიძლება, აქვს გარკვეული სენტიმენტები, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ის მიიღო თავის დროზე, მისცა საშუალება მუშაობის, დააწინაურა, ამიტომ ასე მკვეთრად თავდასხმაც არ შეუძლია. გამოიკვეთა ისეთი სიტუაცია, რომ „ქართულ ოცნებაზე“ კი არ არის გაბრაზებული,  არამედ, მხოლოდ ერთ, კობახიძის გუნდზე, დანარჩენი მისთვის მისაღებია. რაღაცნაირი „კოჭლი ოპოზიცია“ გამოდის, თან ოპოზიციაა, თან - არა.

- ამას რით ახსნით?

- მგონია, ეს  გამოუცდელობის ბრალია, თავიდან „ლელოც“ ასე იყო, რომ შემოვიდა. ნელ-ნელა ჩამოყალიბდა და უკვე საკმაოდ კარგად ოპონირებს. მათ შორის გამოჩნდენ გამოცდილი პოლიტიკოსებიც. აქედან გამომდინარე, უკვე სხვა ბაგაჟი შეიძინეს. ასე ჩანს, რომ გახარიას უნდა კრისტალური სისუფთავე შეინარჩუნოს თავისი ჯგუფის, მაგრამ  მომავალში მაინც დაჭირდება კოორდინაციის დონეზე მაინც ურთიერთობა ოპოზიციურ პარტიებთან.

- თქვენი პარტიის „ევროპელი დემოკრატების“ ჩართულობა მომავალ არჩევნებში როგორი იქნება?

- მონაწილეობას მივიღებთ ამ არჩევნებში. ამჟამად ვგეგმავთ სტრატეგიას. ჩვენი პარტია ისეთი მძლავრი არაა, რომ ყველგან გვყავდეს წარმომადგენლები.

- გეგმავთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კოორდინაციას?

- ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ სხვა ოპოზიციოურ პარტიებთან, რადგანაც ერთიანი ბლოკით და ერთიანი ძალით გასვლა კანონის შესაბამისად უკვე აღარ შიძლება, ყველა ჩვენს ძალებს გადავანაწილებთ იმის მიხედვით, ვის სად აქვს ძლიერი პოზიციები  და ისე ვიმოქმედებთ საერთო შედეგის მისაღწევად, რასაც რიგგარეშე  არჩევნების მიღწევა წარმოადგენს.  

ირინა მაკარიძე, CNews 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა