„ერთობის გარეშე შეუძლებელია შედეგის დადება“ - ინტერვიუ ელენე ხოშტარიასთან

სულ ნახვები : 2,270
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართულ სტუდენტურ პროტესტსა და ამ პროცესში პოლიტიკოსების როლზე, ასევე პროდასავლური ოპოზიციის საარჩევნო ერთობის საკითხზე CNews-ს „დროას“ ლიდერი  ელენე ხოშტარია ესაუბრა. 

_ მე არ მიმაჩნია, რომ პროტესტი მაინცდამაინც პარტიების მართული უნდა იყოს. ამ აქციების ბუნებაა, რომ ის არის აბსოლუტურად ჰორიზონტალური, თვითორგანიზებული და მოიცავს საზოგადოების სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე ხალხს. ამ აქციებს თავისი როლი აქვს, თუმცა პოლიტიკოსების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადისთვის.  იმისთვის, რომ ამ აქციებსაც ჰქონდეს პერსპექტივა, კონკრეტული მიმართულება, ხალხს ესმოდეს, რა არის შემდეგი ნაბიჯები, აუცილებელია პოლიტიკოსებმა, პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელმაც საბოლოო ჯამში,  უნდა შეცვალოს ეს ხელისუფლება,  საკუთარი  განაცხადი უნდა გააკეთონ. -  მიმაჩნია, რომ ეს განაცხადი უნდა იყოს ერთობაზე, რომ ხალხმა დაინახოს იმედი. შეიძლება არ მოგწონს ერთი პოლიტიკოსი, მეორე არ მოგწონს, არავინ არის დღეს ძალიან გამორჩეულად პოპულარული, მაგრამ უნდა აჩვენო, რომ იკვრება რეალურად პროდასავლური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია ცვლილების მოტანა. ეს ძალა  უნდა იყოს იმედის მომცემი, რომ ამ ხალხს დაიცავს, მშვიდობას შეინარჩუნებს, პასუხისმგებლობას აიღებს, რომ არ იყოს  ძალადობა, პასუხისმგებლობას აიღებს ევროპელობასა და დასავლეთთან მიმართებაში და ბევრ სხვა საკითხზე, პასუხისმგებლობას აიღებს იმაზე, რომ ცვლილების შემდეგ იქნება უკეთესი და რეალური  ნაბიჯები, რომ ევროპაში  შევიდეთ და ასე შემდეგ. ამიტომ ნამდვილად მგონია, რომ დრო დადგა, რომ პოლიტიკოსებმა ავიღოთ პასუხისმგებლობა, თუმცა ამას არ ვხედავ ისე, რომ მაინცდამაინც აქციების მართვაა ეს პასუხისმგებლობა. პროტესტში ჩვენი როლი, ბუნებრივია, გვაქვს, დახმარება, მხარდაჭერა, კოორდინაცია, რაც ხდება პირველი დღიდან, ჩვენ ვმუშაობთ, კოორდინაციაში ვართ არასამთავრობოებთან აქტივისტებთან, ბევრ რამეს ვაკეთებთ, რაც წინა  პლანზე არ  არის. ეს აქციები ვერავისი  ვერ გახდება, ვერავის პარტიულ ველად. ბევრად უფრო ფართოა ამ აქციების სივრცე.

_ იყო ასეთი მოსაზრება, რომ სტუდენტურმა აქციებმა, გაფიცვამ გარკვეულწილად თქვა თავისი სათქმელი და ამოწურა თავისი თავი და ამ პროტესტს სხვა ფორმა უნდა მიეცეს, ამაზე რას იტყვით?

_ არა თუ ამოწურა, მზარდია. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღე სრულიად სხვადასხვა ადგილას იმართება აქცია. ის რომ ეს პროტესტი არის მრავალფეროვანი და არ არის მართული ერთი ადგილიდან, სწორედ ეს იძლევა საშუალებას, რომ სხვადასხვა  ტაქტიკები იყოს, მაგალითად,  გმირთა მოედნის გადაკეტვა, ამ რამდენიმე დღის წინ „სიტი მოლში“ იყო არაჩვეულებრივი აქცია, როდესაც მთელი „სიტი მოლი“ შემოტრიალდა და ტაშს უკრავდა ამ ახალგაზრდებს. ამ აქციების მრავალფეროვნება და სხვადასხვა ტაქტიკა იქიდან მომდინარეობს, რომ ის არ იმართება ერთი ცენტრიდან. ეს იმას არ ნიშნავს,  რომ პოლიტიკოსებს  პასუხისმგებლობა არ აქვს დახმარების, მხარდაჭერის, ბუნებრივია, ეს პასუხისმგებლობა გვაქვს, მაგრამ ამ აქციების პარტიული ჩაკეტვა შეცდომად მიმაჩნია.

_ თქვენ ახსენეთ ერთობა, როგორ წარმოგიდგენიათ ეს და რას იტყვით ერთიან საარჩევნო სიაზე, რის შესახებაც ხშირად აკეთებს განცხადებას მიხეილ სააკაშვილი?

_ ჯერ ერთი, ეს ვერ იქნება ჩვულებრივი არჩევნები. ჩვენ ჩვეულებრივად რომ დავსხდეთ სახლში და გავაგრძელოთ ცალ-ცალკე კამპანიები, ასე არ გამოვა. ეს არის პროტესტის ფონზე ამ ხელისუფლების რყევის პროცესი, სადაც რაღაც მომენტში მივალთ უკვე მათ მარცხამდე. აქამდე უნდა მივიდეთ ამ რყვევით. ამ რყევას სჭირდება როგორც ამ ხალხის პროტესტი, ასევე  პოლიტიკური ერთობა და გარედან სანქციები. ეს სამივე ერთმანეთზე გადაბმულია, თუ არ არის ძლიერი ოპოზიცია,  ნაკლებად ესმის დასავლეთს, ვის დაეყრდნოს, თუ არ არის პროტესტი, ნაკლები იქნება მოტივაცია დასავლეთის, რომ ეს   სანქციები იყოს.

მე არ მინდა, არაკოლეგიალურად მოვიქცე ჩემი პარტნიორების მიმართ და კონკრეტულ ფორმებზე ვისაუბრო, როგორი უნდა იყოს ეს ერთობა. მე მიმაჩნია, რომ ერთობის გარეშე შეუძლებელია შედეგის დადება, თუმცა როგორი ფორმით იქნება ეს, ამაზე ძალიან სწრაფად უკვე უნდა შევჯერდეთ, იმიტომ რომ ბევრი დრო არ არის. ძალიან მალე ხალხს უნდა ჰქონდეს იმედის განცდა ოპოზიციის მხრიდან.

ესაუბრა ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
ინტერვიუ ► Მეტის ნახვა