ბესიკ ხამაშურიძე: შედეგები რომ არ გვაქვს, პროფესიონალიზმის ნაკლებობაა

სულ ნახვები : 158
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

7-კაცა რაგბი ოლიმპიური სახეობაა, ამიტომ მის მიმართ გაცილებით მეტია ყურადღება საჭირო. მომავალი ოლიმპიურ თამაშებამდე სამი წელია და საქართველოს ნაკრებიც მზადებას ადრიანად შეუდგა.

გუნდს ახალი სამწვრთნელო შტაბი ჰყავს: მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე იქნება, რომელსაც გია ლაბაძე დაეხმარება.

ხამაშურიძეს საკმაოდ კარგი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს – იყო ქუთაისის აიასა და საქართველო XV-ის თავკაცი. 7-კაცა ნაკრებთან წლებია მუშაობს, მაგრამ მთავარი მწვრთნელის რანგში გუნდს პირველად წარუძღვება – მანამდე ჯერ პალიკო ჯიმშელაძეს, ხოლო შემდეგ ზაზა ლეჟავას ეხმარებოდა.

- ახალი გამოწვევა მიიღე და საქართველოს 7-კაცა ნაკრებს გაწვრთნი. როგორია პირველი შეხედულება და მოტივაცია?

- რაგბიში რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყო, ჩემი მოტივაცია ყოველთვის ერთნაირია – ქართულ რაგბის ის გამოცდილება მივცე, რაც წლების განმავლობაში დამიგროვდა. მქონდა საუბარი კავშირის ხელმძღვანელობასთან და შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია 7-კაცა პროფესიონალური გახდეს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში 7-კაცაში არ გვაქვს ის შედეგები, რასაც მიჩვეული ვიყავით და რაც ქართულ რაგბის ეკადრება. ამის მიზეზი სწორედ პროფესიონალიზმის ნაკლებობაა. გუნდი ყველა ტურნირზე, ფაქტობრივად, სხვადასხვა შემადგენლობით დადიოდა და ასეთ დროს რაიმე შედეგის მიღწევა ძალიან რთულია. მნიშვნელოვანია, რომ გამოინახოს ფინანსები და შავი ლომის მსგავსად, 7-კაცასთვისაც მოხდეს მორაგბეების დაკონტრაქტება და შეიქმნას მოთამაშეთა რესურსი, რომლის იმედი ყოველთვის გვექნება და არ ვიქნებით დამოკიდებული კლუბების სურვილზე.

- საქართველოს 7-კაცა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ზაფხულში გაიმართება, რაც ამავდროულად, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა. გეგმა უკვე გაქვს?

- ჩვენი მიზანია, ზაფხულში გასამართი ოფიციალური ტურნირებისთვის შევქმნათ საფუძველი. თითქმის ერთი თვეა მოთამაშეთა ჯგუფი ორშაბათს და სამშაბათს ჩვენთან ვარჯიშობს და მათ შესაძლებლობებზე გარკვეული წარმოდგენა გვაქვს. ახლა დუბაის ტურნირზე მივდივართ, რომელიც ერთ-ერთი სასელექციო ეტაპია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გაფართოებულ შემადგენლობაში მხოლოდ 14 მოთამაშე გვყავს და მათგან 12 უნდა შევარჩიოთ. დუბაიდან დაბრუნების შემდეგ მეორე ჯგუფს დავაკვირდებით, რათა ზაფხულს მეტ-ნაკლებად მომზადებული შევხვდეთ. სამომავლოდ დიდი მიზნები გვაქვს და კავშირის ხელშეწყობასთან ერთად, მათ შესასრულებლად საუკეთესოები გვჭირდება.

- დუბაის ტურნირი საკმაოდ პრესტიჟულია და სარაგბო ზეიმად ითვლება. გუნდებიც საკმაოდ ძლიერი იყრის თავს.

- მძიმე თამაშები გველოდება. უნდა შევხვდეთ გუნდებს, რომელთაც უკვე გადადგეს პროფესიონალიზმისკენ ნაბიჯი და მათ პირველ და მეორე ნაკრებებს შორის დიდი სხვაობა არაა. ამ ქვეყნებს ჰყავთ 7-კაცას მოთამაშეთა საკმარისი რესურსი და ხშირ შემთხვევაში მეორე შემადგენლობაში მყოფი მორაგბე უფრო მონდომებით თამაშობს, რათა პირველ გუნდში დაწინაურდეს.

- დახმარებას გია ლაბაძე გაგიწევს. მასთან არ გიმუშავია, რადგან სამწვრთნელო საქმიანობა მისთვის სულაც პირველი იქნება.

- მე და გიას ერთმანეთი დღეს და გუშინ არ გაგვიცნია. წლებია ერთად მოვდივართ და არაერთხელ გვითამაშია ერთმანეთის მხარდამხარ. გია აქტიურად ჩაერთო საწვრთნელ პროცესში და ახლა ორივე ერთად ვაკეთებთ საერთო საქმეს. ჩვენ არ ვასხვავებთ ფუნქციებს – დამხმარე და მთავარი მწვრთნელი მხოლოდ ფურცელზე წერია, საქმეში კი, თანასწორები ვართ. იმედია, დასახულ მიზნებს ერთად მივაღწევთ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა